შეჭმული და ვერჭმული გზები

27.10.2015

პირველი მოკირწყლული გზები დღევანდელ ერაყში დაახლოებით ძვ.წ.-ის 2200 წელს დაიგო. ორი ათასი წლის შემდეგ რომაელებმა ქვის მტკიცე, სწორი გზების მშენებლობა დაიწყეს. ეს გზები ერთმანეთთან იმპერიის სხვადასხვა ნაწილებს აერთებდა.

ალბათ 2000 წელი იქნებოდა, საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი მეორედ მოსვლის მოლოდინში რომ ვიყავით. თბილისის მერმა კი განაცხადა, რომ გერმანიიდან ახალი ტექნიკა ჩამოიყვანეს და თბილისელები ვეღარ იხილავდნენ დაკერებულ გზებს, რომ თბილისელების ცხოვრების ეს ეტაპი წარსულ ჩაჰბარდა და დღეიდან მხოლოდ სრულიად ახალი დაუკერავ-დაუკემსავი გზები ექნებოდათ. ეს ის პერიოდია, კორპუსში მარტო სამ ადამიანს რომ ჰქონდა ელექტროენერგია, აქედან ორს - „დვიჟოკით“, ერთს - „ლევი“, რომელიმე სასიცოცხლო ობიექტიდან გადმოჭიმული. ჰოდა, ალბათ ამ ინფორმაციაზე არც იმ დროს ყურადღება არავის გაუმახვილებია. მე რაღაცნაირად დამამახსოვრდა ის ეთერი, შეიძლება რუსთავიდან ვიყავი და იმიტომ. მოკლედ, მთლად გერმანულ გზებს არ გადაჰყოლია, მაგრამ მალე დასრულდა მოქალაქეთა კავშირი.

ამას მოჰყვა გზების მშენებლობა, თუ მოჰყვა. გზა სოფლად, ქალაქად, გზა სკოლამდე, გზა საავადმყოფომდე, გზა პარტიის ოფისამდე, გზა საარჩევნო კომისიამდე და, რაც მთავარია, დაიწყო მაგისტრალის (ანუ გზათა გზის) მშენებლობა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. 2006 წლიდან 2012 წლამდე ამ გზის ნაწილი - 70 კილომეტრი დაიგო.

2012 წლის შემდეგ, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, გაგრძელდა გზების და მაგისტრალის მშენებლობა. აგერ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის თანახმად, 2014 წლის პირველ 6 თვეში სამშენებლო აქტივობა სულ 131 კმ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა. 2012-14 წლებში, დაახლოებით 57.6 კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა.

ჩავხედე ვიკიპედიაში გზის განმარტებას: „გზა - გასასვლელი, მიმართულება ან გზა მიწის ორ ადგილას, რომელიც, როგორც წესი, არის უკვე ასფალტირებული ან სხვაგვარად განვითარებული, რათა შეეძლოს მგზავრს მოძრაობა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, ეს შეიძლება იყოს ცხენი ან ავტომობილი…“ მშვენიერი განმარტებაა, მაგრამ ერთს დავამატებდი, რომ გზა  დანიშნულების ორ წერტილს აკავშირებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გზას ადამიანი აშენებს, ის იმ ორ ადგილს აკავშირებს, რომელიც ადამიანის საჭიროებებს აკმაყოფილებს. არაა აუცილებელი, მან ორი ადამიანი დააკავშიროს. ის შესაძლოა ადამიანს მთასთან, ტყესთან... აკავშირებდეს.

ჰოდა, ვერ დავეთანხმები მათ, ვინც გზის ჭამის ტერმინი მოიფიქრა და ამით შეეცადა მნიშვნელობა დაეკარგა გზისთვის. გზა დასაქმებას უწყობდ ხელს, ეკონომიკურ აქტივობას  ახალისებს, მაგრამ...

არ მიყვარს ეს „მაგრამ“ განსაკუთრებით ბოლო წლებში. ორი წინადადების დამაკავშირებლის ფუნქცია კი შერჩა, მაგრამ ორ წინადადებას უფრო ორ საპირისპირო აზრად ყოფს. მეც იგივეს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ეს გზა და მაგისტრალი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ NDI-ის რეიტინგებიც კი აჩვენებს, რომ გზის დაგება ვერ შველის იმ ხელისუფლებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მხოლოდ „შესაჭმელი გზები“ უნდა დააგონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად, რომ იარონ ამომრჩეველთან ამ გზებით, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ მივიდნენ და ისევ გზებს დაჰპირდნენ. და ალბათ, როდესაც ყველა გზა დაიგება, მერე გადააგებენ გზაზე გზას, იმიტომ, რომ ის გზა წინა ხელისუფლების დაგებული იყო და იტყვიან, რომ ამ გზაზე სიარული არ შეიძლება. და ასე, გაუთავებლად.

ამასობაში კი, დამოუკიდებლობიდან 25 წლის თავზე ორ ადამიანს ერთმანეთთან მისასვლელი გზა აღარ დარჩა. იმიტომ რომ დაგვყვეს და დავიყავით რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო: კომუნისტებად, ზვიადისტებად, მხედრიონელებად, შევარდნაძისტებად, მოქალაქეთა კავშირად, ლეიბორისტებად, ნაცებად, ქოცებად და ამას ბოლო არ უჩანს. ვინ ჩივის, დაყოფას მხოლოდ პოლიტიკური ელფერი რომ ჰქონოდა. რადიკალები გავხდით რელიგიის, სქესის, იდენტობის, შეხედულებების, ასაკის, ეკონომიკური შესაძლებლობების და უამრავი სხვა ნიშნით. რაც მთავარია, ყველა ახალი ხელისუფლება ზიზღზე ცდილობს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის შეგროვებას და კი აგებენ გზებს ფეხქვეშ, მაგრამ პარალელურად ადამიანური მიმღებლობის გზებს გვაცლიან.

გვაპირისპირებენ ამ ეტაპზე ყველაზე ადვილი ხერხით, ანუ უმრავლესობას უმცირესობებთან. თუმცა ვინც ამაზე მიდის, როდესაც დაპირისპირების ამ ფორმას ამოწურავს, აუცილებლად დაიწყებს უმრავლესობის შიგნით რაიმე ნიშნით უმცირესობის ძებნას და გააჩენს უმრავლესობის უმრავლესობის საკუთარი ინტერესების ირგვლივ კონსოლიდირების მიზანს.

და ასე, ყველანი მიზანში ვართ. ამ ტემპით, ამ განწყობით, ამ ტაქტიკით დღეს მათთან ერთად ვართ, ვინც საღებავს ესვრის სხვის სახლს. ხვალ ჩვენი სახლებიც შეიღებება. ამას მოწმობს უახლესი ისტორია.

მოვედით ასე, 2015 წლის ოქტომბრის თვემდე, 14 %-იანი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის რეიტინგის პირობებში გაურკვევლობაში მყოფი 60%. ყველა შესაძლო ნიშნით დაყოფილი და დაპირისპირებული 60%, რომელსაც აერთიანებს მთავარი - ყელში ამოუვიდა ის, რაც ხდებოდა და ხდება. რაღაც სხვა უნდა პოლიტიკიდან.

მე რომ ხვალ პოლიტიკაში მოვდიოდე, ამ 60%-ს ვეტყოდი, რომ ეს სხვა - სიმართლეა. სიმართლე თუნდაც იმაზე, რომ ვიდრე ერთმანეთის მიმართულებით გზების დაგებას არ დავიწყებთ, ჩვენი საშველი არ იქნება. გვექნება გზები, მაგისტრალები, შეიძლება ფეხსაცმელებიც კი გვარგუნოს რომელიმე ხელისუფლებამ ამ გზებზე სასიარულოდ, მაგრამ ვერსად წავალთ, მისასვლელი არსად გვექნება, ყველა კარი ყველასთვის დაიკეტება, იმიტომ, რომ ან ნაცი იქნები, ან ქოცი, ან 30 20...


ზვიად დევდარიანი