შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

18.05.2018

18 მაისს, ქ.რუსთავში, „სიდას“ ორგანიზებით, GCRT-ისა და „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ჩართულობით, გაიმართა  მეორე სამუშაო შეხვედრა  თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში.  შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  ადგილობრივი თვითმართველობის, პროკურატურის, განათლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს  წარმოადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლში და განსაკუთრებით რუსთავში, არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით არსებული სიტუაციის მიმოხილვა, რათა გამოკვეთილიყო მათი საჭიროებები და განსაზღვრულიყო მომსახურებები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება რთული ქცევის, განრიდებული ან პირობითი მსჯავრის მქონე მოზარდის ჩართვა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მონაწილეებს მიაწოდა სტატისტიკური ინფორმაცია, ხოლო რუსთავის ახალგაზრდული პროექტების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა   ისაუბრეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილ აქტივობებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა, პრობაციის ადგილობრივი ბიუროს, თვითმმართველობას, სოციალურ მომსახურებას, განათლების სისტემასა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება, რასაც ხელი შეეწყობა პროექტის მიმდინარეობისას.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.


კატეგორია: მართლმსაჯულება