საქართველოდან წასულ მიგრანტებთან საბერძნეთში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება

01.06.2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ საბერძნეთში საქართველოდან წასულ მიგრანტებთან საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს.  ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე. ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს თავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. 

შეხვედრები გაიმართება:

2 ივნისს, 11:00 საათზე, ქალაქ თესალონიკში (არისტოტელეს ბაღი, ქართული ეკლესიასთან მდებარე საკვირაო სკოლა).
3 ივნისს, 14:00 საათზე, ქალაქ ათენში (ქართული სათვისტომოს ოფისი,   მის:  ახარნონი, აღრინიყს ქ N34).

დასწრება თავისუფალია!

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა", „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“, რომლის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, მთავრობის, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება, ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების ეფექტიანი დაცვისა და გაძლიერებისთვის და  მიგრაციის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. ,,სიდა“ პროექტის ფარგლებში  ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისა და მიგრანტთა პირველი ნაბიჯების შესახებ ატარებს საინფორმაციო კამპანიებსა და ტრენინგებს.

პროექტის ამოცანები:

  • არარეგულირებული მიგრაციის ფენომენის გათვალისწინებით, მიგრანტთა დაცვა მათი უფლებების ხელყოფისგან, მიგრაციის ლეგალური გზების წახალისება მიგრანტთა შესაძლებლობების გაძლიერებით, სათანადო კონსულტაციების გაწევით, ადვოკატირებითა და შესაბამისი სამართლებრივი დახმარების  გზით.
  • მიგრანტთა უფლებების მხარდაჭერა - მიგრაციის სფეროში არსებული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის და საქართველო-ევროკავშირს შორის ამ მიმართებით არსებული შეთანხმებების გათვალისწინებით - საქართველოს მთავრობის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სათანადო იმპლემენტაციის მონიტორინგის გზით.

კატეგორია: მიგრაცია