სამოქალაქო კვირეული საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით

26.05.2018

21-დან 26 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში ჩატარდა თემატური შეხვედრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კვირეულის მიზანი იყო რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დისკუსიებზე და სემინარებზე მოხდა იმდროინდელი რეალობის და მოვლენების  ანალიზი  ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში.  

კვირეულის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა გამართეს პრეზენტაციები და საჯარო განხილვები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.

ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს 9 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა).

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამოქალაქო კვირეული 26 მაისს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერით დასრულდა.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.


კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება