ბიზნესში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

20.02.2017

17 თებერვალს, გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ფარგლებში ჩამოყალიბებული, ბიზნესში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვასა და იმპლემენტაციას. ჯგუფი საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ პრინციპების დანერგვაში, ითანამშრომლონ ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და განახორციელონ საერთო პროექტები, და გაცვალონ ინფორმაცია ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.

სამუშაო ჯგუფში ჩართულია ხუთი კომპანია, რომლებმაც მიიღეს სამოქმედო გეგმა, ქალთა გაძლიერების პრინციპების განსახორციელებლად. ჯგუფის მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები გლობალური შეთანხმების ქსელის სხვა წევრებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პრინციპების დანერგვითა და ბიზნესში ქალთა გაძლიერების თემაზე თანამშრომლობით.

ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ მუშაობის ფორმატზე, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს სამომავლო აქტივობები, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები, ტრენინგები და საერთო პროექტები, რომლებიც განხორციელდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა