ბიზნესის მართვის ტრენინგი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის

03.08.2018

პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვისა და უნარების გაუმჯობესების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში აზერბაიჯანის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების გაზახისა და აღსტაფას მეწარმეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგის მონაწილეები ბიზნესის მართვის გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს გაეცნენ და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მიკრო და მცირე წარმოების დაწყებისა და განვითარების ანალიზი მოამზადეს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოევლინათ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში არსებული პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების ერთობლივი განვითარების კონცეფციები.  

ტრენინგს „სავვის“ ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებიც ტრენინგების დასრულების შემდგომაც გაუწევენ მონაწილეებს კონსულტაციებს ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბების, მარკეტინგული სტრატეგიების თუ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიდგომების შერჩევასთან დაკავშირებით.

ტრენინგის მონაწილეებისთვის ასევე მოეწყო საინფორმაციო სესია გარე დაფინანსების მოპოვების გზებთან დაკავშირებით. სესიაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მენეჯერებმა წარადგინეს სახელმწიფო ბიუჯეტით უზრუნველყოფილი პროგრამებისა და პროექტების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები ბიზნესებისთვის.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს სამოქალაქო განვითრების სააგენტო (სიდა) და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა



კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა