სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სოფლის განვითარებას

08.12.2017

არასამთავრობო ორგანიზაციების 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ ტრენინგ პროგრამაში, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობით.

ინტენსიური და ინტერაქტიური ტრენინგის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება სოფლის განვითარების საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა სოფლის განვითარებისათვის ადვოკატირებაში.

ტრენინგის მონწილეები გაეცნენ სოფლის განვითარების ზოგად კონცეფციას და ევროპულ მოდელებს, მიიღეს ინფორმაცია ადვოკატირების მეთოდების შესახებ. მათ ასევე იმსჯელეს სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ამ პროცესში და სოფლის განვითარების კონკრეტულ სარგებელზე საქართველოსათვის როგორც ამჟამად, ასევე სამომავლოდ.

მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და თბილისის წარმომადგენლებმა გაცვალეს საკუთარი რეგიონების უნიკალური გამოცდილება სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER-ის განხილვას. LEADER უზრუნველყოფს ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეფექტური მექანიზმების არსებობას ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შესამცირებლად და სოფლად ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

ტრენინგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ LEADER ეფექტური მექანიზმია და გამოთქვეს სურვილი, მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამ მიდგომის საცდელი გამოყენების შესახებ, რომელიც ENPARD-ის ფარგლებში საქართველოს რვა რეგიონში განხორციელდა.

ევროკავშირი (EU) მომავალშიც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას სოფლის განვითარების, ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საქმეში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება