მარელისში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

07.11.2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში „სიდამ“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. სოფელში დაიდგა გარე განათების ბოძები და ნაგვის ურნები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე WiFi-ის აპარატი და ელექტრო ტექნიკის მრავალფუნქციური დამტენი საშუალებები.

პროექტის მენეჯერის, დავით თარიმანიშვილის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გამოიკვეთა იქიდან გამომდინარე, რომ მარელისში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ცენტრალური შესასვლელი მდებარეობს და ტურისტულად დატვირთული ადგილია. „პარკს წელიწადში ნახევარი მილიონი ტურისტი სტუმრობს, მარელისი კი წარმოადგენს ერთ-ერთ ცენტრალურ შესასვლელს, სადაც განთავსებულია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და საოჯახო სასტუმრო. ინფრასტრუქტურული ობიექტების გაუმჯობესება და კეთილმოწყობა დასასვენებლად მოსულ ტურისტებს მეტ კომფორს შეუქმნის,“ - აცხადებს თარიმანიშვილი.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმრებით პარკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო პროექტის ფარგლებში მოეწყო გარე განათების სისტემა, რამაც ადგილობრივების თქმით, ღამით მათი გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო გახადა. „გარე განათება ძალიან გვჭირდებოდა, აქ ტყიანი სოფელია და გარეული ცხოველები ძალიან გვაწუხებენ. ახლა იმედი მაქვს, რომ განათებას მოერიდებიან. მატარებლის მგზავრებსაც ღამე უწევთ სიარული. გახარებულები და მადლობლები ვართ. ჩვენთვის ეს დიდი შვებაა“, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე, თამარ მაისურაძე. 

სამუშაოები „სიდამ“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა, პროექტის „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას,” მსოფლიო ბანკისა და იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება