ფერმერებს DCFTA-ს შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

09.07.2018

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI) ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისთვის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან” (DCFTA) დაკავშირებით ორი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგები FASSI-ის მცირე საგრანტო პროგრამის ბენეფიციარმა ორგანიზაციებმა „სამანმა“ და „პროფესიული განათლების და განვითარების ცენტრმა“ ჩაატარეს.

ტრენინგების ფარგლებში, ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია DCFTA-ის შესახებ და შეისწავლეს პირველადი წარმოების ევროპული სტანდარტები და სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული რეგულაციები. ტრენინგებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ და ,,სიდას"  წარმომადგენლებიც დაესწრნენ და ფერმერებს როგორც თავისი ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ, ასევე პროექტ FASSI-ის ფარგლებში დაგეგმილ სხვა აქტივობებზეც გაუზიარეს ინფორმაცია.

პროექტს - „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI) - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ათინათი (ATINATI).


კატეგორია: ადგილობრივი განვითარება