ეკომიგრანტებმა ,,სიდას“ პროექტის ფარგლებში მცირე ბიზნესი დაიწყეს

28.04.2017

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” ქვემო ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, რომელიც ითვალისწინებს ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

პროექტი აპრილის თვის ბოლოს დასრულდა, თუმცა მცირე გრანტით დაფინანსებული ბიზნეს იდეების განხორციელება აქტიურად ახლა იწყება, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს სამიზნე ჯგუფს.

ნათელა დუმბაძე, სოფელ სამთაწყაროში, სხვა ეკომიგრანტების მსგავსად დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მის ოჯახს გადაეცა ტრაქტორი, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მისი და ოჯახის შრომა, ახალი ტექნიკის წყალობით მათ მიწის ხელით დამუშავება აღარ უწევთ და ამ სეზონზე გაზრდილ მოსავალსაც ელიან. ოჯახის შემოსავალს ემატება ტრაქტორის ქირის თანხაც, რომელიც თვეში დაახლოებით 400 ლარს შეადგენს.

ჯამში, პროექტის ფარგლებში, სოფელ სამთაწყაროში ტრაქტორი და მიწის დასამუშავებლად სხვა საჭირო ინვენტარი ოთხ ოჯახს გადაეცა. სეზონური სამუშაოების დროს მეზობლები ტრაქტორებს ქირაობენ, რაც ბენეფიციარი ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

25 წლის თათია გელაძე სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მას მარწყვის სათბური და ნერგები გადაეცა. თათიამ და მისმა ოჯახმა ასობით მარწყვის ნერგი დარგეს და მალე უხვ მოსავალს აიღებენ. ამბობენ, რომ მოსავლის რეალიზაცია მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მარწყვზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია.
,,ბევრი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ჩემი ოჯახი აქ დასახლდა, თუმცა სულ ვფიქრობდი აჭარაში დაბრუნებაზე. ამდენი წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, რომ სხვაგვარად ვფიქრობ. როცა ვხედავ ამ პროექტის შედეგს და ჩემს წვლილს, მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ჩემს სოფელში და წარმატებული მეწარმე გავხდე. ეს ჩემი მიზანია, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ,“ ამბობს თათია.

არანაკლებ წარმატებულია ლალი გეჯაძის ისტორია, რომელიც საგრანტო კონკურსის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, სილამაზის სალონის მოწყობაზე ბიზნეს იდეა კი მისმა ოჯახის წევრმა წარადგინა. ლალი ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე თვე თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მას შემდეგ კი რაც სალონის გახსნაზე და საჭირო ინვენტარის ყიდვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ის საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად სალონი უკვე გახსნილია, როგორც თვითონ ამბობს სრული დატვირთვით 2 თვეში დაიწყებს მუშაობას, მას შემდეგ რაც პროფესიული გადამზადების კურსს დაასრულებს.

პროექტი ხორციელდება ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან “საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” (სიქა) და რეგიონის განვითარების ცენტრთან (RDC) ერთად.

კატეგორია: მიგრაცია