რას ითხოვს ამომრჩევლის 54%? - ,,სიდამ“ კვლევის შედეგები წარადგინა

17.10.2017

17 ოქტომბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ კვლევა სამოქალაქო სექტორს, მედიას, არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებს წარუდგინა.

კვლევა სექტემბერში ჩატარდა და საქართველოს 10 რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სულ 1106 ქალი გამოკითხეს. შერჩევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 40 წელია. კვლევის მიზანი რეგიონებში მცხოვრები ქალების პრიორიტეტების და საჭიროებების გამოვლენა იყო.

როგორც „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ ნამდვილად ღირს მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება, რადგან ქალი ამომრჩევლების დღისწესრიგი განსხვავებულია.

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა
პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება
ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
ნარჩენების მართვა
გარდა ამისა, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობას რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ქალებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტად უნდა იზრუნონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე, მათ შორის, თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობაზე და სხვა მექანიზმებისა და სერვისების შექმნაზე.

რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ინიციატივა ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში. 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს.

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რომ რესპონდენტთა 67% ფავორიტი პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რომელი პარტია/კანდიდატი ეხმიანება საარჩევნო პროგრამაში ან/და გამოსვლებში ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ასპექტი მხედველობაში მისაღები არ არის გამოკითხულთა მხოლოდ 17,5%-სთვის.  

კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე R-CSN და მისი ცალკეული წევრები არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას და ეცდებიან, რომ ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები ნათლად აისახოს ადგილობრივი ბიუჯეტებისა და პროგრამების ფორმირების პროცესზე და თვითმმართველობის საქმიანობაზე.

რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარება? საქართველოს მოსახლეობის 52% და ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ქალია, თუმცა ქალი ამომრჩევლების პრობლემებსა და მათ უპირატესობებზე განსაკუთრებული აქცენტები არც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში იკვეთება. სწორედ, ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის ნაწილობრივ შევსების მცდელობაა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელისა (R-CSN) და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევა, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენას მიეძღვნა.

კვლევის ანგარიში მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის სრული ვერსიის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: goo.gl/gcMJsj

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება