„სიდამ“ ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის პროექტი შეაჯამა

30.10.2018

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ“ იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროექტი ,,ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“  იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაძლებელი გახდა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 43 ბენეფიციარის ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება, რომლებსაც გადაეცათ მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინვენტარი და პროდუქცია (ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი, საქმიანობისთვის საჭირო მასალა და სხვა).

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და ,,სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები დაესწრნენ

შეხვედრაზე განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებული აქტივობები, არსებული მიღწევები და გამოწვევები; იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შედეგები და წარმატებული ისტორიები წარადგინა. ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“  Dvv International-სა და საქართველოს  ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.


კატეგორია: მართლმსაჯულება