სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა ქართველი და აზერბაიჯანელი მეწარმეებისთვის

25.10.2018

25 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ქალაქ გაზახში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გაზახის, აღსტაფას, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მეწარმეებმა ერთმანეთს საკუთარი პროდუქცია გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.
გაზახის საცალო ვაჭრობის ქსელები დაინტერესდნენ გარდაბანში მოქმედი ტკბილეულის საწარმოს პროდუქციით; აზერბაიჯანელები ქართული თაფლისა და ყველის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნენ და გამოფენაზე წარმოდგენილიპროდუქციაც შეიძინეს.
გამოფენის შემდეგ მონაწილეებისთვის ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრა მოეწყო სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და რესურსების გონივრული მართვის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აზერბაიჯანის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენას თბილისმა უმასპინძლა, სადაც 14 ქვეყნის 120-ზე მეტი კომპანია და საწარმო იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს მეწარმეებმა სიდა-ს მიმდინარე პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან (კახეთი, ქვემო ქართლი, განჯა-გაზახი), რომლებმაც მათი
საწარმოების პროდუქცია თაფლი, ღვინო, ყველი, ტკბილეული წარმოადგინეს. გამოფენაში მეწარმეების მონაწილეობა შესაძლებელი გახდა გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა II” პროექტის ფარგლებში.


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა