მიგრანტის პირველი ნაბიჯები -რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

01.03.2018

პროექტის ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)“ ფარგლებში, მიმდინარე თვეში ოთხი რეგიონის 10 სოფელში (ტყვიავი, მეჯვრისხევი, კოდა, მანგლისი, სართიჭალა, კაჭრეთი, რუისი, გომი, ბერძენაული და შორაპანი) ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების მიზანი იყო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. „სიდას“ წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

პროექტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“. სახელმძღვანელო შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე როგორიცაა, საცხოვრებელი, დასაქმება, კვება, ჯანდაცვა, გადასახადები, ტრანსპორტი, საფოსტო და საბანკო მომსახურება, არადოკუმენტირებული მიგრაციის საფთხეები და ა.შ.

შეხვედრების დროს მონაწილეები ძირითადად ინტერესდებიან უვიზო მიმოსვლის პირობებით, უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ვადის ათვლის წესებით, ასევე, ევროპის ქვეყნებში სამუშაოსა და საცხოვრებლის მოძებნის გზებით.

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები მარტის თვეშიც გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური დახმარებით.

კატეგორია: მიგრაცია