ქუთაისში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

28.07.2017

9 აგვისტოს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სიდას“ ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე.


ტრენინგზე მომხსენებლად წარდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა რეგიონალური მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.


აქტივობის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესები - გამომწვევი ფაქტორები და არსებული გამოწვევები; რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია; შრომითი ექსპლოატაციის, ტრეფიკინგის საფრთხეები, გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები, სახელმწიფო პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროკავშირში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა; სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ „სიდას“ მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოები ევროკავშირთან/შენგენთან უვიზო მიმოსვლის, არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეებისა და სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ.


ტრენინგი გაიმართა „სიდას“ პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G-PMR) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება როგორც შესაბამისი სამიზნე ჯგუფების, ისე - რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.

კატეგორია: მიგრაცია