მოითხოვე ცვლილებები - ელექტრონული პეტიციების პლატფორმის საინფორმაციო კამპანია

16.02.2018

24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში გაიმართა მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე უძღვებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესები და პირობები გააცნეს.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება. 

მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობის მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. 21 ორგანიზაცია, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელს წარმოადგენენ, სხვადასხვა ქალაქებში თუ სოფლებში, თებერვლის ბოლომდე 60-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.

Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ.

პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.

კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ.

კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება