„სიდამ“ უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია გამართა

10.10.2017

9 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიდა“ გამართა უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია. ღონისძიება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა და მას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი იქნება საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები.

კამპანიის მიმდინარეობისას ორგანიზაციები უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებსა და პირობებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას: აუხსნიან თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. 

კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება