კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობები

14.07.2018

13 ივლისს, სასტუმრო „რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სიდამ და DVV International წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობას ეხება.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიწოდება მეტწილად ხორციელდება პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირების საფუძველზე.  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში ჭიანურდება, რაც განპირობებულია პროგრამის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცედურებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად დაბალია საგანამანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის მოტივაცია. მსჯავრდებულთა ნაწილისათვის, ამას განაპირობებს მათი პიროვნული დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, შიშები და საზოგადოებისადმი უნდობლობა, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა ვერ ხედავდეს მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას და მინიმალურად აფასებდეს შემდგომი დასაქმების პერსპექტივას. მათი დაბალი მოლოდინები, დამსაქმებლების დამოკიდებულება ნასამართლეობის მქონე პირებისადმი, ართულებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების სამსახურში მიღებას და/ან მათ მიერ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას.

ნინო დემეტრაშვილი, პროექტის მენეჯერი: ,,კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთათვის დანერგილი განათლებისა და დასაქმების პროგრამების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ მიწოდებული პროგრამები ყოველთვის ვერ ითვალისწინებს და არ არის მორგებული ბენეფიციართა საჭიროებებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. უწყებათაშორისო კოორდინაციის მექანიზმი, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმართულებით, საჭიროებს დახვეწასა და პროცედურების გამარტივებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბენეფიციართა ჩართულობის წახალისება და მათი მოტივაციის ამაღლება დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის გზით, რადგან პროგრამებისადმი დაბალ ინტერსს ხშირ შემთხვევაში სწორედ დასაქმების პერსპექტივის არარსებობა განაპირობებს. სახელმწიფო უწყებებმა აუცილებელია მოახდინონ მიწოდებული მომსახურებების ეფექტიანობის პერიოდული შეფასება, რაც დაეხმარება სისტემას მეტად ეფექტიანი პროგრამების შემუშავებასა და მიწოდებაში.“

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დადგა საჭიროება შემუშავებულიყო მიზნობრივი ჯგუფებისთვის პროფესიული განათლებისა და გადამზადების ალტერნატიული მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულთა დაწესებულებებში მცირე ფერმერული მეურნეობების მოწყობას და ადგილზე პრაქტიკულ სწავლებას. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მოლაპარაკებების საფუძველზე გვაქვს თანხმობა შევიმუშაოთ და განვახორციელოთ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადგილზე მუშაობის გაძლიერებული პრაქტიკული კომპონენტი,“ - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

კვლევა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება ნართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია განახორციელოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.



კატეგორია: მართლმსაჯულება