დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის

08.03.2018

7 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისმა პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის.“ მისი მიზანი   ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლებელია დაახლოებით 5.3 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს, თუკი გენდერული უთანასწორობა ეკონომიკურ საქმიანობაში სულ ცოტა 25 პროცენტით შემცირდება. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული უთანასწორობის შესახებ   2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2017 წელს 144 ქვეყანას შორის 75-ე ადგილი დაიკავა ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით; ათი წლის წინ კი 41-ე  იყო 115 ქვეყანას შორის.

ღონისძიებაზე იმსჯელეს თუ როგორ უწყობს ხელს ქალთა როლის გაძლიერება კერძო კომპანიების ნაყოფიერების ამაღლებას, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს. ღონისძიებამ  დაახლოებით 70 წარმომადგენელი მოიზიდა კერძო სექტორიდან, სამთავრობო უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

თბილისის ღონისძიება მსოფლიოს 60-ამდე სხვა ქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კამპანიის ნაწილია, რომელიც  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოს საფონდო ბირჟის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA), Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს პარტნიორობით შედგა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მეშვეობით.

„ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიებს, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოებში ქალები არიან წარმოდგენილნი, უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე იმ კომპანიებს, რომელთა საბჭოებში ქალები არ შედიან. მოხარულნი ვართ, შევუერთდეთ საფონდო ბირჟებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც გონივრული ბიზნესსტრატეგიის ფარგლებში  მხარს უჭერენ თანაბარ გენდერულ წარმომადგენლობას სამეთვალყურეო საბჭოებში და ხელმძღვანელ პოზიციებზე“, აღნიშნა საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.

„გენდერული უთანასწორობის შემცირება ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ბევრი ოჯახის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ IFC-მ და მისმა პარტნიორებმა გააერთიანეს ძალები კერძო სექტორში ქალი თანამშრომლების, მეწარმეების, მომხმარებლების და ლიდერების ჩართულობის ასამაღლებლად. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს ამ პოტენციალის ათვისებით ,“ განაცხადა  IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.  

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას თქმით: „ქალთა როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა და მდგრადი განვითარების წინაპირობაა, არამედ ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას, უკეთესი შედეგების მიღებას და კერძო კომპანიების ეკონომიკურ მდგრადობას.“

CiDA-ს წარმომადგენელმა, Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „საქართველოს ბიზნესსექტორში ქალთა როლის გაძლიერება ბოლო ხანს საკმაოდ შთამბეჭდავია. აქტიურად ვმუშაობდით წამყვან კომპანიებთან სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დასანერგად. მოხარულნი ვართ, რომ ქართულ კომპანიებს შორის ამ საკითხისადმი ინტერესი  სწრაფად იზრდება.“

ეს მეოთხე ღონისძიებაა სახელწოდებით „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებულია IFC-ის, მდგრადი საფონდო ბირჟების ინიციატივების,  Global Compact-ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, Women in ETF-ის და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.


კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა