მცირე გრანტები დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების გასაძლიერებლად

28.03.2018

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI), ფარგლებში სიდამ პროექტში ჩართული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყო და დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სიდას პროექტის მენეჯერმა, შორენა მეგრელიშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა, მიმოიხილა საგრანტო პროგრამის პროცედურები და განმარტა აპლიკაციასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.

საგრანტო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 50, 000 ევროა და იგი მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას, რათა შემდგომში მათ ეფექტური და საჭიროებებზე მორგებული კონსულტაცია გაუწიონ მცირე და საშუალო საწარმოებს, დაეხმარონ მათ სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში და წარმატებით ჩაერთონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

პროგრამას აქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორისაა:

- მცირე და საშუალო ფერმერთათვის ბაზრებზე წვდომის გაზრდა;

- ახალი სტანდარტების დანერგვაში დახმარება;

- ფერმერული მეურნეობის/აგრობიზნესის მხარდაჭერის სერვისები;

- DCFTA-ს და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი;

- თანამედროვე სტანდარტებზე და რეგულაციებზე ადვოკატირების, ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტები. 

პროექტი „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, სიდასთან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება