სიდა ახალ ტრანსსასაზღვრო პროექტს იწყებს

27.03.2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ ახალ ტრანსსასაზღვრო პროექტს იწყებს. „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ,,სიდა” აზერბაიჯანულ ორგანიზაცია „დასავლეთის რესურსცენტრთან“ ერთად, განახორციელებს.

პროექტი, რომლის მიზანია გააძლიეროს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს თემთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართველო-აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში. პროექტი განხორციელდება საქართველოს (ქვემო ქართლი, კახეთი) და აზერბაიჯანის (განჯა, აღსტაფა) რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სამოქალაქო ორგანიზაციები შეიმუშავებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდასაჭერისკენ. ასევე, პროექტის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის ახალგაზრდა მეწარმეებს ქსელური თანამშრომლობის, ბიზნესის მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის საშუალება ექნებათ. პროექტში ჩართული მხარეები უზრუნველყოფენ ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს მდგრადობის ღირებულებების პოპულარიზაციას და განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს.

ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით, მოხდება ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის იდეის ადვოკატირება რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ქსელური თანამშრომლობის, ბიზნესის მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მონაწილეები გაიუმჯობესებენ ცოდნას და უნარებს. მოეწყობა კონფერენციები, გამოფენები და კულტურულ- საგანმანათლებლო აქტივობები საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებს შორის კავშირების გამყარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოთხე ტრანსსასასზღვრო პროექტია, რომელსაც „სიდა“ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება” „სიდამ“ სომხეთში პარტნიორ ორგანზიაციებთან ერთად გასულ წელსაც განახორციელა, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) საქართველო-სომხეთის პროგრამის ფარგლებში.

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა აძლევს შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას ერთობლივად გამოავლინონ და უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს, ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობა მოიცავს ოთხ პროგრამას: სომხეთი–საქართველო, აზერბაიჯანი–საქართველო, ბელარუსი –უკრაინა და მოლდოვა – უკრაინა.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება