კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად

27.09.2017

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, 27-დან 29 სექტემბერის ჩათვლით წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. მისი შედეგების პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

კამპანია დღეს რუსთავიდან დაიწყო, სადაც ,,სიდას" თანამშრომლებმა ადგილობრივი ქალი ამომრჩევლები გამოკითხეს. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება, თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს,რომ ქალების მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება