ყოფილი პატიმრებისათვის მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა დაიწყო

13.02.2018

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ დაიწყო მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ყოფილი პატიმრების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და მათი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, სულ დაგეგმილია 110 ბიზნეს გრანტის გაცემა. პირველ ეტაპზე ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვებულ 43 ბენეფიციარზე განხორციელდება სხვადასხვა პროდუქციის, ტექნიკისა და ბიზნესისათვის საჭირო მასალების გადაცემა თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმისა და მომსახურების სფეროები.

13 თებერვალს სიდას და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გრანტი გადასცეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ,,ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებს. გადაცემის პროცესს ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა და პროექტის მენეჯერი ნინო დემეტრაშვილი დაესწრნენ. დემეტრაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა ხელშეწყობა ხორციელდება უშუალოდ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტით და არა ფულადი სახით, ეს ფორმა კი უფრო მეტად განაპირობებს ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის, ბიზნეს გრანტების გაცემა ხორციელდება ევროკავშირისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ და „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში.

კატეგორია: მართლმსაჯულება