ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

11.08.2017

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები გააცნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა.

საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიდა" და სახალხო დამცველის აპარატმა, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით მოამზადეს. საბაზისო კვლევის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე, კვლევა განიხილება ყველა დაინტერსებულ მხარესთან - სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ბიზნესსექტორთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საბოლოო შედეგის მიღებამდე, მათი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.

საბაზისო კვლევის ანგარიში 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება. კვლევა მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. კვლევის შედეგები კი საფუძვლად დაედება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.

კვლევის დაწყებამდე, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებმა, თბილისში, ორდღიანი ტრენინგი გამართეს, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პირების სათანადო მომზადებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებდნენ, საბაზისო კვლევის განხორციელებაში, ასევე 2018-2020 წლებისთვის "ბიზნესის და ადამიანის უფლებების" მიმართულებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

2016-2017 წლების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში ასახულია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისებისთვის, და რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრად ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მეშვეობით. ევროკავშირის მოცემული 4 მილიონიანი პროექტი მხარს უჭერს და ახალისებს 2014-2020 წლებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულებასა და მონიტორინგს.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა