მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) - საქართველო 2018

17.09.2018

2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას (MICS) ჩაატარებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.

კვლევა 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გასტანს. იგი მიზნად სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემების შეგროვებას ისახავს, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულია 2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაც და წყლის სინჯების აღება. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი სავარაუდოდ 2019 წლის გაზაფხულზე გახდება.

კვლევის განხორციელებამდე დაგეგმილია თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს 10 რეგიონში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) განახორციელებს. ორგანიზაცია, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ქსელის (R-CSN) წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შეხვედრებს გამართავს როგორც რეგიონულ ცენტრებში, ასევე სხვა ადგილობრივ თემებში - ქალაქებსა და სოფლებში შემდეგი 3 ფორმატით: საზოგადოებასთან (10 ქალაქში), თემის ლიდერებთან (10 თემში) და კარდაკარ შეხვედრები (60 თემში). ჯამში, საქართველოს მასშტაბით, სიდა და R-CSN-ის წევრი ორგანიზაციები 80-მდე ადგილობრივ თემს მიაწვდიან ინფორმაციას კვლევის და მისი მნიშვნელობის შესახებ.

კვლევასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სხვა აქტიური მოქალაქეები. შეხვედრები გაიმართება  თემის ლიდერებთანაც, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრებიან. კვლევაზე ინფორმაცია საინფორმაციო ლიფლეტებითაც გავრცელდება.

საერთო ჯამში, თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანიის შედეგად,  10, 000-მდე  ადამიანი მიიღებს ინფორმაციას მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მის წარმატებით განხორციელებას და მოსახლეობაში კვლევაში მონაწილეობისთვის მოტივაციის ამაღლებას.

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება