მიგრაციის მიმართულებით ,,სიდა" საერთაშორისო პარტნიორობას აღრმავებს

17.05.2017

12-13 მაისს „სიდას“ პროექტის ,„პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (GPMR) მენეჯერი, თორნიკე აბაშიძე, ბრიუსელში გამართულ „არადოკუმენტირებული მიგრანტების შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის“ (PICUM) საერთო კრებას დაესწრო.

საერთო კრებაზე განხილულ იქნა მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები და კენჭი ეყარა „სიდას“ გაწევრიანებას აღნიშნულ პლატფორმაში, რომელსაც მხარი კრებაზე დამსწრეებმა ერთხმად დაუჭირეს.

PICUM წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის მიზანია არადოკუმენტირებული მიგრანტების უფლებათა დაცვა ევროპის მასშტაბით. მასში ევროპის 31 ქვეყნის 156 ორგანიზაციაა გაწევრიანებული, რომელთაც საშუალება ეძლევათ გააღრმავონ საერთაშორისო პარტნიორობა და მონაწილეობა მიიღონ ევროპის მასშტაბით არადოკუმენტირებული მიგრანტების დაცვის მექანიზმების განვითარებაში.

„სიდა“ PICUM-ში გაწევრიანებით, ხდება ევროპაში არადოკუმენტირებულ მიგრაციასთან დაკავშირებული უდიდესი ქსელის ნაწილი და ჩართული იქნება ევროპის კავშირში მიგრაციის პოლიტიკის მონიტორინგისა და, ასევე, ევროპაში მყოფი ქართველი არადოკუმენტირებული მიგრანტების ეფექტური დახმარების პროცესში.

„სიდამ“ ახლახანს დაიწყო პროექტი მიგრაციის მიმართულებით, რომელიც მიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით.

კატეგორია: მიგრაცია